Sunday, June 6, 2010

მაია, ნანუკა და ტელეჭორები

ზვიად ბარქაია
თბილისი. 5 მაისი. 2010


მათ თქვენი სევდა და სიხარული აინტერესებთ. ტელეკამერებით ხელში იჭრებიან ადამიანების ცხოვრებაში, მათი გამოცდილებები ეკრანზე გადააქვთ და ამ ეკრანიზებულ ცხოვრებას ვიზუალური ეფექტებითა და მარილიანი სიტყვით კმაზავენ. ისინი არიან მაყურებლის ემოციების მბრძანებელები და ჭორების ინდუსტრიის მაგნატები. ისინი არიან მაია და ნანუკა.

ჭორაობა ქართულ ტელესივრცეში ყველაზე სარფიანი საქმეა, ხოლო ტელე-ჭორიკნები კი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტები გახლავთ. რაც ადრე საფიხვნოში იმართებოდა, დღეს -- მასობრივი კომუნიკაციის ხანაში -- უკვე ცისფერი, ან გნებავთ ყვითელი, ეკრანებიდან ხდება. თუ ტელევიზორს ოთხშაბათს საღამოს ,,იმედზე“, ხოლო ხუთშაბათს ,,რუსთავი2“-ზე მომართავთ, მაია ასათიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი არ დაგზარდებიან და სრულიად განსხვავავებულ და ამავდროულად სწრაფი კვების პროდუქტივით მსგავსი ადამიანური ისტორიებით უხვად მოგამარაგებენ.

ჭორაობა, როგორც ტელეპროდუქტი, დიდი ხანია დამკვიდრდა საერთაშორისო მედია ბაზარზე, თუმცა ეს ჟანრი ქართულ ტელესივრცეში შედარებით გვიან გამოჩნდა. დღეს ,,პროფილი“ და ,,ნანუკას შოუ“ წარმატებით ართმევს მაყურებელს აქამდე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს - პოლიტიკურ ახალ ამბებს. თუ უკანასკნელ დრომდე ქართული ტელემედია ძირითადად პოლიტიკური ბატალიების შესახებ ინფორმაციით უმასპინძლდებოდა აუდიტორიას, დასავლეთში ტელემაყურებელი უკვე დიდი ხანია ტირის და იცინის ოპერა უინფრისა და ელენ დეჟანერესთენ ერთად.

პოლიტიკით გადაღლილმა ქართველმა მაყურებელმა ენთუზიაზმით აიტაცა სიახლე და ზემოთ ხსენებული გადაცემები დღეს შესაშური პოპულარობით სარგებლობენ. ჭორაობამ არ იცის გენდერული საზღვრები, მაგრამ ტელესტუდიებშიც ეს საქმე ამ დარგის აღიარებულ ოსტატებს - ქალბატონებს მიანდეს.

ვინ არიან ქალბატონები, ვინც ტელევიზიით ადამიანური ემოციებით ვაჭრობენ? თქვენს წინაშეა ორი კონკურენტი: წითელ კუთხეში – „რუსთავი2-ის“ სევდის დედოფალი მაია ასათიანი და ლურჯ კუთხეში-„იმედის“ მოდელირებული „პროფილის“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. ამ გადაცემების ეთერში გასვლის შემდეგ ორივე ტელეწამყვანის ფოტოებმა არაერთხელ დაამშვენა გლუვყდიანი გამოცემების გარეკანი და დღეს ორივეს ფართო და ერთგული ტელემრევლი გააჩნია.

მათი პოპულარობის შესაფასებლად სოციალური ურთიერთობების ვებგვერდებზე თვალის შევლებაც კმარა. ფეისბუქის ზოგიერთ წევრს მიაჩნია, რომ ჩუქურთმებში ჩაფლული, ბავშვურად მომღიმარე მაია და მისი ცრემლმდენი გადაცემა ,,უცხო და უშუალოა“. თუმცა, მის მოძულეთა 1500-იანი ლაშქარმაც მოიყარა თავი ფეისბუქ-კამპანიაში ,,ვინც ვერ იტანთ მაია ასათიანს“.

წარმატების ფორმულა ორივე ტელედივამ მათი გადაცემების დასავლური პროტოტიპებისგან ისესხა. ნანუკას შოუს ბევრი ,,ელენის შოუს“ ქსეროქსად მიიჩნევს. თავის ერთერთ გადაცემაში, როცა ცნობილი ქალბატონების ჩაცმულობებს განიხილავდნენ, ნანუკა ჟორჟოლიანმა განსაკუთრებული სიყვარული გამოხატა ელენის სტილის მიმართ, და თქვა რომ „რა ქნას მოსწონს და ბაძავს, ნეტა ყველას ასე ეცვას“.

მოკლედ, ამ ქალბატონებს აქებენ თუ ლანძღავენ, უწუნებენ ჩაცმულობას თუ ხმის ტემბრს, უყვართ თუ ვერ იტანენ, მათ მაინც უყურებენ. ,,პროფილი“ და ,,ნანუკას შოუ“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემებია და მათ გამოჩენასთან ერთად ქართულ მედიისთვის თვისებრივად ახალი, ყვითელი ტელესეზონი გაიხსნა.

No comments: