Saturday, June 5, 2010

იკრძალება, მაგრამ ნებადართულია

სოფო ბერიაშვილი
თბილისი. 3 ივნისი.

გარემოვაჭრეებისთვის ნასესხები დრო თვითმმართველობის არჩვენებთან ერთად ამოიწურა. ახალარჩეული მუნიციპალიტეტი შეეცდება ღია ცის ქვეშ, ქაოტურად მიმდინარე აღებ-მიცემობა სპეციალურად განსაზღვრულ სივრცეში მოამწყვდიოს. მოვაჭრეები ქუჩის დათმობას არ ჩქარობენ.

ნაზი ტაბაღუა უკვე სამი წელია ,,ბახტრიონის ბაზარში" ყველს ყიდის. აბაშიდან, მეზობლების წაბაძვით, იმ იმედით ჩამოვიდა, რომ ოჯახს ,,ორ კაპიკს შემატებდა". უკვე ორჯერ გააგდეს, მაგრამ ისევ ვაჭრობს: - ,,სანამ გვამყოფებენ, ვიქნებით..."

არჩევნებამდე ამყოფეს, მაგრამ ახლა წესრიგის დამცველებთან მორიგი შეჯახების მოლოდინშია. ,,სულ შიშის ქვეშ ვართ. გვეშინია ხვალინდელი დღის - ვინმე არ მოვიდეს და არ გვითხრას წადითო."

წინაზე, ერთი დღით ადრე გააფრთხილეს, თქვენი ნებით წადით, თორემ გაგყრითო. ტაბაღუა და სხვა მოვაჭრეები მითითებას არ დაემორჩილნენ რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა. ,,არავის ინდობდნენ, არც ქალს, არც ბავშვს. ბევრნი იყვნენ. ყველაფერი გადაგვიყარეს. დიდი ზარალი მივიღეთ".

თბილისელების დამოკიდებულება გარემოვაჭრეების მიმართ არაერთგვაროვანია. ზოგი ანტისანიტარიას და ქუჩებში ხერგილებს ემდურის, ზოგიც იაფ საქონელს ეძალება და გარემოვაჭრეებს უთანაგრძნობს. აზრთა სხვადასხვაობა ინტერნეტ-ფორუმზე მიმდინარე ერთ-ერთი დიალოგიდანაც ჩანს:

ჯორდანო: -- ,,მე მომხრე ვარ გარევაჭრობა აიკრძალოს. მე თუ ვერ ვიარე ამ ქალაქის ქუჩებში, სულ ფეხზე არ მკიდია ვიღაც ციგანი "ლიკრას" [გა]ყიდვით რომ ოჯახს არჩენს? წავიდეს და ბაზარში გაყიდოს. ან არა და სანაპიროზე თევზი რომ იყიდება, საღამოს ["]პროსტო["] ვერ გაივლი[.] იქ სულ საცობია."

მარიკო: -- ,,...ცოტა იმ გარემოვაჭრის გულშიც ჩაიხედე."

გარემოვაჭრეებს ცატა ხნის წინ კონსერვატიული პარტია გამოექომაგა. პარტიის ერთ-ერთ წევრს ლაშა ჩხარტიშვილს გარევაჭრობის აკრძალვა, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, დაუშვებლად მიაჩნია. გარევაჭრობა უნდა დაკანონდეს, აცხადებს ჩხარტიშვილი და არჩევნების შემდეგ "დარბევების" მორიგ სერიას მოელის. "არჩევნებამდე არ არბევენ. არჩევნების შემდეგ კი იწყება ახალი ტალღა.. დაწიოკება. პოლიცია სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, ვისთვისაც თავის რჩენის ერთადერთი გზა გარევაჭრობაა."

მოვაჭრეებთან უხეშად მოპყრობას არ იწონებს დედაქალაქის ხელისუფლებაც, თუმცა, თბილისის მერის თქმით, ქალაქის მმართველობა ვერ შეეგუება იმ ანტისანიტარიას, რომელიც თბილისის ქუჩებში გარევაჭრობის გამო სუფევს. ,,თბილისში რამდენიმე ახალი ბაზარი შენდება. ჩვენ გამოვუყოფთ ფართს იმ გარემოვაჭრეებს, რომლებიც ჩვენს შეთავაზებას დათანხმდებიან."

No comments: