Friday, January 30, 2009

მოწინააღმდეგის ზურგში (დააწკაპუნე აქ აუდიოს მოსასმენად)


ქეთი ჩოხელი
თბილისი.
30 იანვარი, 2009.



აგვისტოში გორში შემოსულ რუსულ ჯარს დაცარიელე-ბულ, დაბომბილ ქალაქში მოხუცი ცოლ-ქმარი დახვდა. ქალაქის დაეცემამდე მეგრელიშვილებმა ოჯახის ყველაზე პატარა წევრი დედასთან ერთად თბილისში გაისტუმრეს თავად კი ვაჟიშვილთან და თითოოროლა შემორჩენილ გორელთან ერთად გამოიარეს ოკუპაცია.

Thursday, January 29, 2009

”უხილავი ბავშვები”

ნათია გულიაშვილი
თბილისი. 30 იანვარი, 2008

“ბავშვი, სრული და ჰარმონიული განვითარებისთვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში. ბედნიერების, სიყვარულის და თანაგრძნობის ატმოსფეროში. ბავშვი უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, მშვიდობის, ტოლერანტობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით” – ამონარიდი გაეროს კონვენციიდან ბავშვთა უფლებების შესახებ.

უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, მთელს მსოფლიოში ომების შედეგად 2 მილიონამდე არასრულწლოვანი დაიღუპა. “უხილავები ბავშვები” – ეს სახელი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორთა რამდენიმე ნამუშევარს, რომელშიც პირველი ფილმი პატარა აფრიკელ ბიჭზეა. ბიჭი სამოქალაქო ომშია ჩართული და იარაღით და ყუმბარებით ხელში საკუთარ სახლსა და სკოლაზე ოცნებობს.
საქართველოში, აგვისტოს ომში იარაღიანი ბავშვები არ ყოფილან (თუმცა ბევრი ე.წ. რეზერვისტის ასაკობრივი ზღვარი არასრულწლოვანების მიჯნასთან საკმაოდ ახლოს იყო), მაგრამ იმ გარემოში, სადაც, ამ ომის შემდეგ, დევნილ ბავშვთა უმეტესობას უხდება ცხოვრება, ფილმის გმირივით, ყველა მათგანი თავის სახლზე, მეგობრებსა და სკოლაზე ოცნებობს. მანამ კი, სანამ სახელმწიფო მიყენებულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ზარალს ითვლის, უხილავი ბავშვების პირადი განცდები, პრობლემები და სურვილები, კამერის და უფროსების ყურადღების მიღმა, ასევე უხილავად რჩება.

გაჩერება პირველი:

ახალი ხურვალეთი

არ უნახავს დაჭრილი ადამიანები და ომი, როგორც ასეთი, 5 წლის ლიკას ცნობიერებაში ბუნდოვან მოვლენად დარჩა. მაგრამ ახლა ის ცხოვრობს აქ, სადაც ოთახებში სველი კედლებია, სინესტეა, სადაც არ აქვს თოჯინები, თანატოლებს არ იცნობს, ვერ დადის ბაღში.
აქ მისი სახლი ზუსტად ისეთივეა, როგორც ყველა დანარჩენი। შიგნიდან სველი და გარედან ფერადი კედლებით. ეს ახალი ხურვალეთის კომპაქტურად დასახლებული ტერიტორიაა.
ისე კი, ლიკა სოფელ სუისში ცხოვრობდა. მშობლებთან ერთად 9 აგვისტოს დატოვა იქაურობა, სადაც უკვე ჯარი შედიოდა. მეორე დღეს სუისში დაბომბვები დაიწყო. ლიკა კითხვებზე არ მპასუხობს. სამაგიეროდ, გოგონას დედა მიყვება ომისშემდგომი “მოგზაურობის” ამბავს, სოფლიდან ჯერ თბილისში, გლდანულაში, საბავშვო ბაღის შენობაში რომ შეასახლეს, მერე კი აქ გადმოიყვანეს.

“თბილისში ბაღში მაინც დადიოდა, ბავშვებს ეთამაშებოდა, თან ნათესავებიც გვყავდა, მისი ტოლები. მშრალ ოთახში ვცხოვრობდით. აქ კიდე კედლები სუ სველია. შეშას ძალიან ცოტას გვაწვდიან და ვისაც მამაკაცები ჰყავს სახლში, იძულებული არიან მინდვრებში გადავიდნენ და დიდი ხეები მოათრიონ. დიდი ტაშტი ვისაც გვაქვს, ოთახშივე ვბანთ ბავშვებს, ან ქალაქში [გორში] მივდივართ” - გვიამბობს ლიკას დედა.

საკვებიც არ ჰყოფნით. განსაკუთრებით, რძის პროდუქტების დეფიციტს განიცდიან, რაც ბავშვის კვების რაციონის აუცილებელი კომპონენტია.
ლიკა მთელი ამ ხნის მანძილზე ისევ ჩუმად გვისმენს. ბოლოს კი ერთდაერთი სიტყვით მპასუხობს შეკითხვაზე, თუ რა უნდა თოვლის ბაბუსგან საახალწლო საჩუქრად: “კუკლა”.

ორიოდე სახლი და ატალახებული, უსწორმასწორო მიწა ჰყოფს ლიკას 8 წლის ნინოსგან, თუმცა ბავშვები ერთმანეთს არ იცნობენ. ნინო სოფელდისევიდანაა. 7 აგვისტოს თბილისში, დედასთან ერთად, ნათესავის დაბადების დღეზე წავიდა და სოფელში ვეღარ დაბრუნდა. მალე ოჯახის სხვა წევრებსაც მოუხდათ დისევის დატოვება. ნინო ძალიან აქტიურია და ეტყობა, ლაპარაკიც უნდა. ცოცხლად მიყვება თავის ამბავს და ყველა შეკითხაზე მპასუხობს. არც თავის უკმაყოფილებას მალავს:
“თბილისში არ მომწონდა, რადგან მეგობრები ყველანი სოფელში მყავდა. არა, თბილისშიც კი იყვნენ ბავშვები, მაგრამ ცოტა. აქ კიდე, არ არიან”.
თავისი სოფლის სკოლაში 2 კლასი დაამთავრა. ახლა, წესით, მესამეში უნდა იყოს, მაგრამ აქ სკოლაში ვერ დადის. უტრანსპორტობის გამო. ფეხით კი, სკოლა ძალიან შორსაა.

ისევე, როგორც მეზობლად დასახლებული ფატი დარბაიძის 4 შვილისთვის. ნორმალურ ტრანსპორტს ჰპირდებიან, მაგრამ ჯერ არ მოუყვანიათ. იმ ავტობუსს კი, რაც აქამდე დადიოდა, ურჩევნია სახლში დატოვოს ბავშვები.
“სკამები თითქმის არაა, რომ დასხდნენ, ფანჯრებზე ცელოფნებია აკრული და ისიც ნახევრად ჩამოგლეჯილი. ჯერ ისედაც, ამ სველ კედლებში, დაციებული მყვანან და მაგ ტრანსპორტში უარესად გახდებიან.” - ამბობს ქალბატონი ფატი

სამედიცინო მომსახურება, შეიძლება ითქვას, არა აქვთ. ხურვალეთში გადმოსვლის პირველ კვირას ბავშვები ცუდად გახდნენ, რის გამოც სასწრაფოს გამოძახებაც დასჭირდათ: “ერთადერთი ტაბლეტი “პარაცეტამოლი” მომცა ექიმმა სამ ბავშვზე. სხვა არაფრით შემიძლია დახმარებაო. გატრიალდა და წავიდა”- ამბობს ქალბატონი ფატი. ბავშვებს ისევ საკუთარი ხარჯებით ნაყიდი მედიკამენტებით უმკურნალეს.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია “თანხმობა”, ფაქტობრივად ერთადერთია, რომელიც ფსიქოლოგიური პროგრამით მუშაობს ახალი ხურვალეთის ტერიტორიაზე დასახლებულ ბავშვებთან.
სალომე ჟვანია, ერთერთია ამ არასამთავრობოს წარმომადგენელ 4 ფსიქოლოგთაგან, რომლებიც ყოველდღიურად ჩადიან ახალ ხურვალეთში და დევნილებით დასახლებულ სხვა რეგიონებში.

“მე ძირითადად ბავშვებთან ვმუშაობ. გვყავს 2 ასაკობრივი ჯგუფი 6-დან 10 წლამდე და 10-დან 17-მდე. სხვადასხვა სიტუაციაა, ზოგი უფრო გახსნილია,
ზოგი ჩაკეტილი. პატარები ძალიან მხიარულები არიან, რადგან გააზრებული არა აქვთ, რაც გადაიტანეს. უფრო მოზრდილები, განსაკუთრებით კი ბიჭები, რთულად იხსნებიან. ბავშვები არ იცნობენ ერთმანეთს, გარდა ამისა, ზოგან სხვადასხვა სოფლიდან არიან და ამის გამო უჭირთ კონტაქტში შესვლა სრულიად უცნობებთან, ზოგჯერ კი უბრალოდ სურვილიც არ აქვთ ერთმანეთის გაცნობის. ჩვენი პროექტის მიზანიც ესაა, რომ გავხსნათ და დავამეგობროთ ეს ბავშვები ერთმანეთს”.
- სალომე ჟვანია

ამისთვის ფსიქოლოგები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. მაგალითად, ბავშვები ხატავენ დავალებით მოცემულ თემებზე, წერენ წერილებს, ერთვებიან სხვადასხვა ტიპის თამაშებში, ცეკვავენ. ბავშვების ერთად შეკრებას მამასახლისთა კოტეჯები ეთმობა (ახალი ხურვალეთის ტიპის ყველა დასახლებას, ახლა, საკუთარი მამასახლისი ჰყავს). როგორც სალომე ჟვანიამ გვითხრა, შეკრებებზე თითქმის ყველა ბავშვი მოდის, თუმცა რამდენიმე ისეთიც იყო, ვინც უარი თქვა ზემონახსენებ აქტივობებში მონაწილების მიღებაზე.

“ძალიან ბევრმა ბიჭმა მთხოვა, შეიძლება დავწეროთ ჩვენი ამბავი, რაც გადაგვხდაო?, ანუ ბავშვებს უნდათ გამოტანა იმისა, რაც ამ ომის პერიოდში გადაიტანეს და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს მათთვის ლაპარაკი. ვაპირებთ, შედარებით მოზრდილებს ცალ-ცალკე დაველაპარაკოთ, რადგან პატარებთან ერთად ნაკლებად იხსნებიან და უფრო შეშინებულებიც არიან”. - ამბობს ფსიქოლოგი

თანატოლებთან ურთიერთობის დეფიციტს, სკოლის გარემოს მოწყვეტას, მომავალში საზოგადოებასთან ინტეგრაციის პრობლემებიც შეიძლება მოჰყვეს. ფსიქოლოგის თქმით, ასეთ გარემოში ბავშვის განვითარება სერიოზულად ფერხდება და სამუდამოდ თუ არა, შეიძლება, დიდი ხნით ჩაიკეტოს მოზარდი. გამოსავალი კი, მათი ურთიერთობების წახალისებაა – გასართობი სათამაშო ცენტრის, თუ ფეხბურთის მოედნის სახით.

გაჩერება მეორე:

ტყვიავი

სოფელში მოსახლეობის ნაწილი ჯერ არ დაბრუნებულა. ამიტომ ხალხი ცოტაა, ბავშვები - კიდევ უფრო. თუმცა, ტყვიავის მცხოვრებნი ლეგენდასავით ჰყვებიან პირველკლასელი მამუკა კაპანაძის ამბავს, რომელიც ერთადერთი ბავშვი ყოფილა, ვინც ომის დღეებში სოფელი არ დატოვა. მის სახლში შესულ რუს ჯარისკაცებს გაკვირვებით უკითხავთ: _ ჩვენი არ გეშინიაო? არაო, – მამუკას უთქვამს. მერე კი, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა თავისი ჯვარი აჩუქა და ასე “მონათლაო”.


ტყვიავში მამუკას ვერსად მივაგენით, ლეგენდის ნამდვილი გმირივით ბოლომდე იდუმალი დარჩა. თუმცა, როცა სოფლის თავსა და ბოლოში ყველა მის ამბავს გიყვება, ძალაუნებურად იჯერებ, რომ ომის უხილავ ფურცლებზე, თურმე, ასეთი ამბებიც შეიძლება დაიწეროს.


3 აგვისტოს ტყვიავში დაიბადა, ექვსში კი, როცა სოფელში სროლების ხმამ იმძლავრა, თბილისში წაიყვანეს კიდევ ერთი კაპანაძე, 3 დღის ბესო. ახლა სოფელში მისი ბიძა, დიმა ცხოვრობს და მისგანვე ვიგებთ ომსგარიდებული ახალშობილის ამბავს. ბესოს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად გაუმართლა, რადგან აგვისტოს ომის შესახებ, წლების შემდეგ, მხოლოდ მოყოლილ ამბებს თუ გაიგებს. ახლა იგი 5 თვისაა და ორგანიზაცია “World Vision”-ის დახმარებით თბილისში, დედათა და ჩვილ ბავშვთა თავშესაფარშია. ჯერჯერობით საკვებით, მედიკამენტებით და საჭირო ინვენტარით “World Vision” ამარაგებს, თუმცა პროგრამა იანვრის ბოლომდე გასტანს, მერე კი, ბესოს დედამ ჯერ არ იცის სად წავლენ. ტყვიავში მათ დამწვარ სახლს ბიძია დიმა აშენებს.


ჯული, თათია და ზაქრო მელითაურები სკოლამდელი ასაკის არიან. როცა ტყვიავში სროლები დაიწყო, დედამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით წამოიყვანა თბილისში, ნათესავებთან. მერე კოჯორში გადაიყვანეს 25 დღით. ბოლოს კი გორში, კარავში - სადაც ერთი თვე გაატარეს.

“კოჯორში ძალიან კარგი პირობები იყო, მაგრამ ნაცნობი არავინ მყავდა, მარტო ვიყავი და მიჭირდა ბავშვების მოვლა, ამიტომ წამოვედი გორში. აქ ხშირად დამყავდა გასართობ ცენტრში სათამაშოდ, ფილმებსაც აჩვენებდნენ” – ამბობს პატარა მელითაურების დედა, ნანა ლაფაჩი.

9 ოქტომბერს სოფელში დაბრუნებულ პატარებს აღარ დახვდათ ის, ვინც კანფეტებს ყიდულობდა. ასე დარჩა მათ ცნობიერებაში ბაბუა, რომელმაც ასაკის გამო, სოფელი ვეღარ დატოვა. ძმასთან ერთად მოკლეს ოსებმა. მერე კი, მეზობლებმა იქვე მცხოვრები რუსი ქალბატონის დახმარებით, რუს ჯარისკაცებს სთხოვეს შველა მათ დამარხვაში.
“ვფიქრობ ხოლმე, კიდე კაი, რომ პატარები იყვნენ და საღი გონებით თავში არ ჩარჩებათ ეს საშინელება” - ნანა ლაფაჩი.

თუმცა გაუცნობიერებლად, მათი ცხოვრების ჯერ ხანმოკლე პერიოდი ომმა უკვე ორ ნაწილად გაყო. ახლა ისინი ძველი ამბების გახსენებას ასე იწყებენ: “სანამ ომი იქნებოდა...”

 

                                              ასევე მთავრდება თითქმის ყველა იმ ბავშვის საახალწლო სურვილი, ვისაც ამ მოგზაურობის დროს შევხვდი. მათ უნდათ დაბრუნდნენ იქ, სადაც ცხოვრობდნენ მანამ, სანამ ომი იქნებოდა.




Tuesday, January 27, 2009

გადახდის ახალი სისტემა საქალაქო ტრანსპორტში

ანა დავითაშვილი
თბილისი. 27 იანვარი. 2008


თბილისის
“ყვითელ ტრანსპორტში” თებერვლიდან მგზავრები ფულს განსხვავებუ-ლად გადაიხდიან. დედაქალაქის ქუჩებს უკვე დიდი ხანია გაყვითლებული უკრაინული და ჰოლანდიური ტრანსპორტი ამშვენებს. გადახდის სისტემაც 2009 წლიდან უკრაინულის მსგავსი გახდება. თბილისის მერიამ 7 მილიონი ლარით დააფინანსა პროექტი, რომლის მიხედვითაც მგზავრები ფულს მძღოლს აღარ გადაუხდიან.


გადახდის ახალი პროცედურა მარტივი და მოსახერხებელი იქნება. თბილისის ავტობუსებში უკვე დამონტაჟდა სალარო-აპარატები. მგზავრი ჩააგდებს ყუთში ან ორმოცდაათ თეთრს, ან ოცთ თეთრს და ან ათ თეთრს (იმისდა მიხედვით გადახდის რომელი ტარიფით სარგებლობს) და სამაგიეროდ სამგზავრო ბილეთს მიიღებს. თუ მგზავრები სპეციალური ტარიფით სარგებლობენ, მაშინ მათ პლასტიკურ ბარათს გაატარებაც დასჭირდება აპარატზე სპეციალურად გამოყოფილ განაჭერში. აპარატი შეამოწმებს აღნიშნულ პირის საბუთს და იმ შემთხვევაში, თუ დარღვევას ვერ აღმოაჩენს, ბილეთს ამოუბეჭდავს. გადახდის სისიწორეზე მგზავრს აპარატზე ანთებული სინათლე მიუთითებს. თუ ინდიკატორი მწვანედ აინთება, მაშინ გადახდა წარმატებით დასრულდა. აპარატი მხოლოდ რკინის ფულზეა გათვალისწინებული და ე.წ “ფეი ბოქსის” თვისებები არ აქვს. ხურდის დაბუნება მას მხოლოდ 50 თეთრიან ან 20 თეთრიან მონეტაზე შეუძლია,

გადახდის ახალი წესი მგზავრობის შეღავათების გაუქმებას არ გამოიწვევს. პროექტის განსახორციელებლად თბილისის მერიის მიერ გამოყიფილი თანხა უნდა მოხმარდეს არა მხოლოდ აპარატის მონტაჟს, არამედ შესაბამისი პლასტიკური ბარათების დამზადებას მათთვის, ვინც მგზავრობისას შეღავათებით სარგებლობს და თანხის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს იხდის. ასეთი მგზავრებისთვის ბარათები მგზავრობის განუყრელი ნაწილი გახდება, მხოლოდ ბარათში ჩადებული კოდის მეშვეობითაა შეაძლებელი გადახდის პროცედურა სწორად განხორციელდეს. სტუდენტებს კი ,,სამგზავრო ბარათის” მაგივრობას ახალი, პლასტიკური სტუდბილეთები გაუწევენ. ამგვარი სტუდბილეთებით ისინი ისევ 20 თეთრად იმგზავრებენ.

აღნიშნული პროექტი იანვრის დასაწყისიდან, უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ვერ მოესწრო. ავტობუსებში განსაზღვულ დროში ვერ მოახერხეს შესაბამისი აპარატურის დამონტაჟება. საქართველოს მძღოლთა ასოციაცის თავმჯდომარის თამაზ კაჭკაჭურის თქმით, პროექტის ამოქმედების შემაფრხებელი მიზეზი არაორგანიზებულობაა, მისი თქმით გადახდის ამგვარი გზა ბევრს გაუადვილებს მგზავრობას, მაგრამ გასათვალისწინებელია ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში საორგანიზაციო საკითხები. როგორ და რა დროში მოახერხებენ სოციალურად დაუცველთა უზრუნველყოფას შესაბამისი ფასდაკლების პლასიტიკური ბარათებით. კაჭკაჭურის თქმით აღნიშნული აპარატურა უკვე ერთი წელია შემოტანილია, თუმცა დამონტაჟებას სამსახურები არ ჩქარობენ.

“შ.პს თბილისის ავტობუსში” აცხადებენ, რომ აპარატურის მონტაჟი ერთი თვეა რაც მიმდიანეობს და თებერვლამდე სრულად მოესწრება.

გადახდის ახალი სისტემა მძღოლებს მთლიანად ათავისუფლებს ფულთან ურთიერობისგან. ის არ ერევა გადახდის პროცედურაში. იმ შემთხვევაშიც კი თუ მგზავრს შესაბამისი კუპიურა არ აღმოჩნდება. ასე რომ ავტობუსისი მგზავრებს მსხვილი კუპიურების დახურდავება ტრანსპორტში ასვლამდე მოუწევთ. მძღოლების უმეტესობა ფიქრობს, რომ გადახდის ამგვარი სიტემა მათ სამუშაოს შეუმსუბუქებს. გაჩერებებზეც ნაკლები დრო დაეხარჯებათ, აღარ მოუწევთ ,,ურჩ გადამხდელებთან კამათი.” გურამ ბიბილეიშვილის თქმით, გაჩერებაზე დიდი დრო ხურდის დაბუნებას მიაქვს, “მგზავრების უმეტესობა თავს არ იწუხებს გაჩერებსთან მისვლამდე ცოტა ადრე გადმოვიდეს წინ, მერე უკანა კარებთან დადგება და ყვირის გააღეო, იმან შიძლება გადაიხადოს მაგრამ ამ მომენტით სხვა სარგებლობს და თანხის გადახდის გარეშე ჩადის.“ ასეთმა ბევრმა შემთხვევამ კი მძღოლს შეიძლება დღის ბოლოს შეუქმნას პრობლემა. “თუ დღის ბოლოს გეგმას არ შეასრულებ, მერე შარს მოგდებენ ჯიბეში ჩაიდეო, ასე რომ თუ სხვა გააკონტროლებს კანონდამრღვევბს, ჩვენ ნერვებსაც ეშველება, დროში უაზროდ გაწელის მარშრუტსაც.” – ამბობს ბიბილეიშვილი.

დღის ბოლოს მგზავრების ,,შემოწირულობას” შესაბამისი სამსახური დაითვლის. უფასოდ გასეირნების მსურველთა გამოვლენა კი კონტროლიორს დაეკისრება. განხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სადაც კონტროლიორები ავტობუსშივე ამოწმებენ ბილეთებს, თბილისში ისინი გაჩერებებზე იდგებიან. ავტობუსიდან ჩასული მგზავრი ბილეთს მას წარუდგენს. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მგზავრი დაჯარიმდება. ჯარიმა ზუსტად ჯერ არ არის განსაზღვრული. საქართვეოს მძღოლთა ასოციაციის თავმჯომარის მოადგილის გურამ პერაძის განცხადებით მგზავრი, რომელიც უფასოდ გადაწყვეტს მგზავრობას სავარაუდოდ 15 ლარით დაჯარიმდება. თუმცა ეს ჯერ დაუმუშავებელი პროექტია და დაზუსტებული ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც თბილისის ქუჩებში უახლესი აპარატურით აღჭურვილი ავტობუსები, ხოლო გაჩერებებზე კონტროლიორები გამოჩნდებიან. ჯარიმის გადასახდელად გადასახდელად დაჯარიმებული მოქალაქე ვალდებული იქნება ბანკში პირადობის მოწმობით გამოცხადდეს და თანხა გადაიხადოს.

ყვითელ ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემა ზოგიერთი სტუდენტისთვის ორმაგად მომგებიანი იქნება. გარდა იმისა, რომ სტუდენტები 20 თეთრად მგზავრობენ, ზოგიერთი მათგანი თხუთმეტდღიან სამუშაოსაც კი იპოვნის. თბილისის მერიის ინიციატივით, 600 სტუდენტი წლის განმავლობაში თბილისის ავტობუსებში ინსტრუქტორად დასაქმდება და მოსახლეობას ამ აპარატების გამოყენებაზე ინსტრუქტაჟს ჩაუტარებს. ამ სამსახურისათვის სტუდენტები ორას ლარს მიიღებენ.

გადახდის მსგავსი წესი უკრაინაში გასულ წელს შემოიღეს. თავდაპირველად პროექტმა არ გაამართლა, ამის მიზეზად საორგანიზაციო საკითხების გაუთვლელობას ასახელებდნენ, თუმცა საბოლოოდ სისტემის მოწესრიგება მოხერხდა.

Monday, January 26, 2009

”პანკობა” ქართულად

თბილისი. 26 იანვარი, 2008.

თბილისში მომრავლებული წითელ–ყვითელთავიანი გოგო–ბიჭების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ორმოცი წლის წინათ ჩამოყალიბებულ პანკ–როკ კულტურას საქართველოში დღეს მრავლად ჰყავს მიმდევრები. ქინძისთავებით, ჯაჭვებითა და მეამბოხე სულისთვის დამახასიათებელი სხვა აქსესუარებით დამშვენებულ მოზარდებს შეხვდებით ქალაქის მთავარ ქუჩებში, მიწისქვეშა გადასასვლელბში, სკვერებსა და ბაღებში. თამთა შკუბულიანის სიუჟეტი იატაკქვეშეთში მიმდინარე ამბოხის შესახებ.

თბილისიში პანკების ძირითადი თავშეყრის ადგილი (ტუსოვკა) რაღა-თმქა უნდა ,,ანდერგრაუნდია”, ანუ ფილარმონიისა და ივერიის მიწისქვეშა გადასასვლელები. „პონტებს“ თავად „ჩითავენ“: არაყი, გიტარა და ნამათხოვრები ფულით ნაყიდი მოსაწევი - ყოველივე ეს იმ ესთეტიკის ნაწილია, რითაც გამოხატება პანკების ჯანყი სოციალური წნეხის წინაამღდეგ.

ქართველი პანკები ტრადიციულ ღირებულებებზე დამყარებულ მეინსტრიმს ეურჩებიან და სოციალურ ნორმებსა და პირობითობას უცხადებენ პროტესტს. ყოველივე ამას ხშირად გამოხატავენ მოურიდებელი ქცევით, ბუნტარული მუსიკითა და განსხვავებული (ხშირად მეორადი) ტანსაცმლით.

ქართულ ტრადიციებს ვერ ეგუება 18 წლის სანდრო. „თავიდან უბრალოდ მომეწონა ეს მუსიკა, შემდეგ როცა ჩავუღრმავდი მას, მივხვდი, რომ ზუსტად ჩემი სტილი იყო და დავიწყე პანკური ცხოვრება. ჯერ თმები შევიჭერი, შემდეგ ტანსაცმელიც ნელ–ნელა ავაჭრელე პროვოკაციური პროკლამაციებით და ჩემნაირებსაც დავუახლოვდი“.

მისნაირები ფიქრობენ, რომ საქართველოში აზროვნების თავისუფლების მხრივ ძალიან ცუდად არის საქმე. ნიკას (იგივე „პანტერა“) პროტესტი შემდეგია: „მე არ მომწონს არც ერთი ქართული ტრადიცია, უაზრობაა და მეტი არაფერი. თუნდაც ქორწილი, ან ქელეხი...მარტო სმა–ჭამაა ყველაფერი. მე მაგალითად ნამყოფი ვარ ქელეხში, სადაც მკვდრის გასვენების და გლოვის დღე იყო თუ ზეიმის ვერ გავარჩიე. მოგეხსენებათ შეზარხოშებული ქართველების ამბავი–– სიმღერა და ცეკვა–თამაში გააჩაღეს შუა ქელეხში. საერთოდ არ მაქვს სურვილი ვიცხოვრო ასეთ ქვეყანაში. ტრადიცია ერთია, მარა თუ ეს ტრადიცია უაზრობაა და საკუთარ პროტესტს გამოთქვამ მისადმი, ხალხი მაშინვე შეგიძულებს და მოგაწებებენ იარლიყებს.“


პანკების - თავნება ქუჩის მცხოვრებთა მუსიკა ცალკე მიმართულებად 1970–იან წლებში ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთსა დ ამერიკაში, ხოლო შემდგომ გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში. ამ მუსიკის მოყვარულებს იმთავითვე გამოარჩევდა სხვებისაგან განსაკუთრებული ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა და ქცევა. პანკ- როკისათვის დამახასიათებელია შესრულების ჩქარი ტემპი, მინიმალისტური აკომპანიმენტი და აგრესიული მანერა.

ისეთ ტრადიციულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა პანკების თუნდაც მცირე მოძრაობა განსაკუთრებით თვალშისაცემი და გამაღიზიანებელია ,,ნორმალური” უმრავლესობისთვის. ქართველ პანკებს აკრიტიკებენ როგორც თანატოლი თინეიჯერები, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებიც. თუმცა პანკები საკუთარ პოზიციას იმით ამყარებენ, რომ „უმჯობესია შეიცვალო, ვიდრე უმრავლესობის მხარეს იყო“. ისინი თვლიან, რომ იმიტომ არიან მათზე გაღიზიანებულები, რომ შურთ. „ისინი ვერ ცხოვრობენ ისე თავისუფლად როგორც ჩვენ, ამავდროულად იძახიან ქვეყანაში დემოკრატიააო, თავისუფალ საზოგადოებაში სხვისი ცხოვრების სტილი არავის არ უნდა აღიზიანებდეს,––ამბობს 17 წლის პანკი “Dark Angel”-ი.

15 წლის ნუცას თავიდან მშობლებთან ჰქონდა პრობლემები და ამოტომაც გადაწყვიტა ეჩვენებინა მათთვის, რომ ის ძლიერია და არ ემორჩილება მათ. „ყველაფერში მაკონტროლებდნენ და არსად წასვლის საშუალებას არ მაძლევდნენ. ელემენტარულ რაღაცებზე ტეხდნენ აურზაურს და ჩხუბს. ერთ დღესაც გადავწყვიტე მიმებაძა იმათთვის, ქუჩაში რომ თავისუფლად იქცეოდნენ და ერთობოდნენ. Slipknot, Blink182, Nirvana და The Doors ისედაც მიყვარდა. ასე გავხდი “პანკი”. თავიდან, რა თქმა უნდა, სერიოზული სკანდალი მოჰყვა ამ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ შეეგუვნენ ღამის სამ საათზე რომ ვბრუნდებოდი სახლში, სხვა რა გზა ჰქონდათ.“

ბევრ სტუდენტს პანკებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ლევან რაზმაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში პანკების ფენომენი, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობს. „ეგენი არიან ესეთი არსებები, რომლებიც თავის თავს უწოდებენ პანკებს, და ეს არსებები თავისუფლად დადიან ჩვენი ქალაქის ქუჩებში და სახელს არცხვენენ როკის მსმენელებისას. თუ მაგათ დავუჯერებთ, ჯიმ მორისონი გაქანებული პანკი იყო, ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი, კურტ კობეინი და თქვენ წარმოიდგინეთ გალაქტიონ ტაბიძეც კი პანკი იყო, გამოდის რო ვისაც ტვინი ოდნავ გახსნილი ჰქონდა ეგრევე ავტომატურად პანკების სიაში ირიცხებოდა. სიულელეა და მეტი არაფერი.“

ლადო არსენიძის აზრით კი „ქუჩაში რო გახვალ და წაიპახაბნიკებ ეგ პანკობა კი არა მათხოვრობაა. პანკი თავისი ბუნებით ანარქისტია, აგრესიული და არა საცოდავი მათხოვარი ბავშვი, რომელსაც დალევა და სექსი უნდა და ამისათვის პანკის ნიღაბს ეფარება.“

ნუცას ამგვარ კომენტარებზე საკუთარი მოსაზრება აქვს: „არავისი საქმე არ არის მე რას ვიზამ და სად რას გავაკეთებ. მისწორდება და იმიტო ვმათხოვრობ. სახლიდან ზუსტად მაგ კომუნისტური ზახოდების გამო წამოვედი, მეტი კი არაფერი. ნამდვილი ვარ თუ არანამდვილი ვისი რა საქმეა. ყველამ საკუთარ თავს რო მიხედოს უკეთესი იქნება.“

თაკო არჩვაძეს კლასელი ჰყავს პანკი და მიიჩნევს, რომ თუ აგრესიას არ გამოხატავ მათ მიმართ, ძალიან მხიარული და კარგი ხალხია; მაგრამ არ მოსწონს მათი ცხოვრების სტილი. „სიმართლე თუ გინდათ, არც ისეთი თავისუფლები არიან როგორც გვგონია. ისინიც თავიანთი თავისუფლების მონები არიან, თავისი შექმნილი ჩარჩოების ტყვეები მიუხედავად იმისა, რომ იძახიან ყველანაირ კანონს ვეწინააღმდეგებითო. აი მაგალითად, ერთ დღეს ქუჩაში მივდიოდით. მან ნაგვის ურნიდან ხაჭაპური ამოიღო და შეჭამა. მერე თქვა რას იზამ პანკური ცხოვრება ეგეთიაო!,–– მე პირადად ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ ასეთ ქცევაში.”

როგორც ფსიქოლოგმა, ქალბატონმა მეგი ხუციშვილმა გვითხრა, გაპანკებული ახალგაზრდები თავიანთი თავისუფალი სტილის ჩაცმულობითა და ორიგინალური თვალშისაცემი ვარცხნილობებით ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას საზოგადოებაში. ძირითადად, თინეიჯერობის ასაკის დროს ეუფლებათ მათ ამის განცდა და რამდემიმეწლიანი გატაცების შემდეგ თავადვე ამბობენ უარს ამგვარ ცხოვრებაზე.

,,საქართველოში ეს მოვლენა უფრო უცნაურად ეჩვენებათ, ვიდრე სხვა ქვეყნებში. იქაური მოზარდების უმეტესობას არა აწუხებს ის პრობლემები, რაც ქართველ ბავშვებს. ამიტომაც მათაც უნდათ აზროვნების ისეთივე სტილი დაამკვიდრონ ჩვენს ქვეყანაში, როგორც ვთქვათ ამერიკაშია, მაგრამ უჭირთ იმასთან შეგუება, რომ ეს ცოტა არ იყოს რთული საკითხია“, , ამბობს ხუციშვილი.


უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მათდამი. კახა თოდუას, რომელსაც ხშირად შეხვედრიან პანკი გოგოები და ფული უთხოვიათ, რომ ამ ჯგუფს პანკობა და მაწანწალობა ერთმანეთში ერევათ. „მე პირადად კი ვაძლევ ხურდას როცა მთხოვენ, მაგრამ ისე კი ძალიან უზრდელი ბავშვები არიან და რას აკეთებენ თვითონაც არ იციან. ბევრი აგინებს კიდევაც და ღირსებიც არიან. დაწანწლებენ ქუჩაში და ეგ ჰგონიათ პანკობა. არ თქვან მაინც რომ პანკები ვართო. მაგათ არასოდეს არ უნახავთ ნამდვილი ჰიპი და რაღაც ტელევიზიით ნანახს ბაძავენ. სინამდვილეში ჰიპები ეგეთი დედიკოს გოგოები და ბიჭები კი არ არიან, არამედ როკით ცხოვრობენ, მუსიკა ესმით და თავიანთი კანონები აქვთ. ამისთვის დროა საჭირო. გაიზრდებიან და მიხვდებიან, რო სისულელეებს აკეთებდნენ და ნამდვილი პანკობა ძალიან რთულია.“”

პანკები ასეთი დამოკიდებულებას ჩვეულებრივად უყურებენ. პანკ-როკის ლეგენდის - ჯგუფი ,,The Clash”–ის კომპოზიციის ტექსტის პერიფრაზი რომ მოვიშველიოთ, ისინი არ აპირებენ აკეთონ ის, რაც ირგვილ ყველას მიაჩნია მართებულად.

Saturday, January 24, 2009

პროფესია ჟურნალისტი

თამარ სვანიძე,
თბილისი, 24 იანვარი, 2008


ადამიანებს უხსოვარი დროიდან გააჩნდათ მოთხოვნილება ინფორმაციის მიღებაზე. ამისთვის ისინი მრავალ საშუალებას იყენებდნენ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, კერძოდ, ბაზრობებზე, მოედნებზე, სიკვდილით დასჯის დროსაც კი გილიოტინასთან შეკრებილი ადამიანები ახორციელებდნენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, სანამ ტფილისში პრესა გაჩნდებოდა და ცნობისმოყვარე მოსახლეობა “გაზეთში ჩაგდებული” ამბებით დაიწყებდა საზრდოობას, ქალაქში ინფორმაციის მთავარ გამავრცელებლად ე.წ “ამბავისტები” არსებობდნენ, რომლებიც სპეციალურ ადგილას “სალაყბოზე” იკრიბებოდნენ და ავრცელებდნენ ინფორმაციებს. ერთი სიტყვით პროფესია - ჟურნალისტი საჭირო გახდა. თუმცა მან მასობრივი სახე XIX საუკუნის ოციან წლებში მიიღო, როდესაც გერმანიაში გუტენბერგმა გამოიგონა სტამბა. ამით ინფორმაციის დაბეჭდვა და კოპირება გახდა ადვილი და საზოგადოების ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი.

შემდეგ საუკუნეში ბეჭდვით მედიას დაემატა ხმა, აუდიო საშუალება - რადიო, ცოტა მოგვიანებით აუდიოვიზუალური, ჩვენს ოჯახში გაჩნდა დიდი შავი ყუთი ცისფერი ეკრანით. XXI საუკუნეში კი მედიის ტრადიციულ საშუალებებს დაემატა ინტერნეტი, ჩვენი საუკუნის ცივილიზაციის პირმშო. ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის გაცილებით არაეფექტური იქნებოდა თანამედროვე “ამბავისტების” გარეშე.

“ჟურნალისტი უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და ემსახურებოდეს ქვეყნის განახლების ღმერთს”. ეს სიტყვები ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის. თუმცა იმისთვის რომ ჟურნალისტმა დაიცვას ფუნდამენტური კრიტერიუმები და დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნები ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით, მათ ხშირად უხდებათ ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრაც, ხშირად დგას მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ და უფრო ხშირად თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ისინი გააზრებულად მიდიან დიდ რისკზე.

ნიკო ნიკოლაძემ ჩამოაყალიბა ჟურნალისტის ოთხი ტიპი: 1. ჟურნალისტი - მრჩეველი, 2. ჟურნალისტი – ტაქტიკოსი, 3. ლანძღვა-გინების მოყვარული ჟურნალისტები, 3. ჟურნალისტი – რეკლამა. ოთხივე ზემოთ ჩამოთვლილ ჟურნალისტთა ტიპს აქვს ერთი საერთო, ისინი ინფორმაციის მოსაპოვებლად ხშირად რისკავენ საკუთარი სიცოცხლით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებულ პროფესიულ საფრთხეებზე საუბრისას გასათვალისწინებელია სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო სადაც მათ უწევთ საქმიანობა. ჟურნალისტების მიერ ჟენევაში დაფუძნებულმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ PRESS EMBLEM CAMPAIGN (PEC) საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, სადაც ჟურნალისტებისათვის მუშაობა სახიფათოა. აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზაცია ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტით. PEC-ის შედგენილ სიაში საქართველო დაღუპულ ჟურნალისტების რაოდენობით მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით საქართველო – რუსეთის ომს შემდეგი ჟურნალისტები ემსხვერპლა: გიგა ჩიხლაძე – ჟურნალ “რუსკი Nეწს ჭეეკ” –ის კორესპონდენტი და ტელეკომპანია “ალანიას” პროდუსერი. იგი ცხინვალში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მანქანაში ჩაცხრილეს; ალექსანდრე კლიმჩუკი – სააგენტო ჩაუცასუს Pრესს Iმაგეს ფოტოკორესპონდენტი და იტარ – ტასის კორესპონდენტი; სტან სტორემანსი – ჰოლანდიის ტელეკომპანია ღთL – ის ოპერატორი. იგი 2008 წლის 12 აგვისტოს , რუსული ავიაციის მიერ ქართული ქალაქის, გორის, დაბომბვის დროს დაიღუპა. საქართველოს პირველმა ლედიმ ჰოლანდიელი ოპერატორის სტან სტორემანსის სახელობის სტიპენდია დააწესა ქართველი ჟურნალისტებისათვის, რომელთაც ჰოლანდიაში პროფესიული განათლების გაგრძელება სურთ.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსული სნაიპერის “ბლაგვი” სამიზნე გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი თამარ ურუშაძე. მას პირდაპირი ეთერის დროს ესროლეს,რის შედეგადაც, მცირე, სიცოცხლისათვის არასახიფათო დაზიანება მიიღო. იგი უკანასკნელ ცნობებს გადმოსცემდა გორის მისადგომებიდან , როცა ტყვიამ მარცხენა ხელზე “გაკაწრა”, რის შემდეგ მას სასწრაფოდ “ბრონირებული ჟილეტი” ჩააცვეს და გააგრძელა პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა.

“ყველაფერი კარგად იქნება” ასეთ ოპტიმისტურ ნოტაზე დაემშვიდობა გიორგი თარგამაძე, ერთდროულად, ტელეკომპანია “იმედსა” და ჟურნალისტიკას და გზა “დიდ” პოლიტიკაში განაგრძო. 2007 წლის 8 ნოემბერს დედაქალაქს დიდმა ანტისახელისუფლებო საპროტესტო ტალღამ გადაუარა. სპეცნაზელის ხელკეტს ვერ გადაურჩა ტელეკომპანია “იმედში” მომუშავე ჟურნალისტებიც. ისინი დაარბიეს, მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის რუსეთის აგენტებთან ურთიერთობის მოტივით და იქ მომუშავე ჟურნალისტებს ანტისახელმწიფოებრივ ,,პაირს” დასდეს ბრალი.

არიან ჟურნალისტები, რომლებიც იმიტომ კი არ იღუპებიან, რომ ქვეყანაში შექმნილია ექსტრემალური, საომარი ან კონფლიქტური სიტუაცია, არამედ იმიტომ, რომ პროფესიიდან გამომდინარე ცნობისმოყვარეები არიან. სწორედ იქ “ჰყოფენ ცხვირს”, სადაც არ აწყობთ მავანთ და მავანთ. ყოველთვის ვიღაცას “ყელში ეჩხირებიან” და სააშკარაოზე გამოაქვთ კორუფციული საქმიანობა. ეს ის შემთხვევაა, როცა ჟურნალისტი “ხორცმეტი” ხდება და საჭიროა მისი “თავიდან მოცილება”.

გიორგი სანაია ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის ჟურნალისტი, გადაცემა “ღამის კურიერის” წამყვანი 2001წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში საეჭვო ვითარებაში მოკლეს. მკვლელობიდან ერთი წლის თავზე, გლდანი-ნაძალადევის პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი გიორგი ხურცილავა, რომელმაც მკვლელობა აღიარა და ოფიციალური ინფორმაციით მოტივად სექსუალური ძალადობა დასახელდა. სანაიას ოჯახის წევრებისა და კოლეგებისთვის ეს ვერსია მიუღებელია. ფაქტია ისიც, რომ გიორგი სანაიას მიმართ იზრდებოდა განაწყენებულთა რიცხვი ვისაც მისი მოშორება შვებას მოჰგვრიდა. საბოლოოდ კი, სანაიას მკვლელობაზე ყველამ ყველაფერი იცის და თან არაფერი.

2004 წელის პირველ სექტემბერს მსოფლიო შესძრა ჩრ. ოსეთში, კერძოდ, ქალაქ ბესლანში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა, რომელსაც ასობით უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ბესლანის ტერაქტს აშუქებდა “რუსთავი 2” – ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა, რომელიც ჩრ.ოსეთის პოლიციამ დააკავა და ვლადიკავკაზში მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ ამბის ,,ბექგროუნდი” კი ის გახლდათ, რომ ოთხ სექტემბერს, სწორედ, მას შემდეგ რაც ტერორისტებმა მძევლები გაათავისუფლეს ლეჟავამ ინტერვიუ ჩაწერა მათთან. ამ ამბიდან მოკლე ხანში იგი დააკავეს და ბრალი რუსეთ- საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის წაუყენეს და სასჯელის ვადა ათი დღით გაუგრძელეს. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და დაკითხვის არაჰუმანური მეთოდი იყო, რომელიც ,,ფე-ეს-ბე”–ს გამომძიებლებმა დაკითხვისას გამოიყენეს. ლეჟავას, მისივე განცხადებით, ყავაში ფსიქოტროპული საშუალება (ბენსოდიაზეპამი) ჩაუყარეს, რაც თავის ტვინის გათიშვას და ეჭვმიტანილის “ალაპარაკებას” იწვევს. რეზულტატი კი ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

ეს რაც შეეხებოდა ჟურნალისტიკის ტრადიციულ დარგებში მომუშავე ჟურნალისტებს. არანაკლებ “წყალობენ” ონლაინ ჟურნალისტებსაც. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) კვლევით, მსოფლიოში ინტერნეტ ჟურნალისტებს უფრო ხშირად აპატიმრებენ, ვიდრე სხვა მედიასაშუალებების თანამშრომლებს.

CPJ-ს ცნობით 2008 წლის პირველი დეკემბრისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საპყრობილეში 125 ჟურნალისტი იმყოფება, აქედან 56 ონლაინ ჟურნალისტია, ანუ ბლოგერები რომლებიც სტატიებს ათავსებენ ინტერნეტში.

და მაინც, როგორ საშიში, სარისკო და ექსტრემალურიც უნდა იყოს პროფესია, ის მაინც რჩება რჩება ერთ-ერთ აუცილებელ პროფესიად, რომელიც საზოგადოების ყურისა და თვალის ფუნქციას უნდა ასრულებდეს.

Sunday, January 18, 2009

მომავლის სტუდქალაქი


ნინო გელაშვილი


თსუ-ს ადმინისტრაცია სტუდენტებს უახლოეს წლებში თანამედროვე საუნივერსიტეო ქალაქს პირდება. პროექტის დეტალების გასაგებად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გია ხუბუას, ვესაუბრეთ.


უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პროექტის მიზანია სტუდენტს შეეძლოს არა მხოლოდ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის პირობებში სწავლა, არამედ ჰქონდეს დასვენებისა და გართობის საშუალება. სტუდენტმა აქ მთელი ძალით უნდა შეიგრძნოს სტუდენტური ცხოვრების ხიბლი.

საუნივერსიტეტო ქალაქი საპრეზიდენტო ინიციატივაა და მისი პროექტირების ხარჯებს თავის თავზე `ფონდი ქართუ~ იღებს. საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის ღირებულება დაახლოებით 250 მილიონი ლარია. ბატონი ხუბუას თქმით, ამჟამად საუნივერსიტეტო ქალაქის საპროექტო განაცხადზე მიმდინარეობს მუშაობა, სამშენებლო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, 2009 წლის შემოდგომაზე დაიწყება. დანიელი არქიტექტორების გათვლით, მშენებლობა 4-5 წელს გაგრძელდება.

საუნივერსიტეტო ქალაქი მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 110 ჰექტარს დაიკავებს. ამ ფართობის 60 პროცენტზე სასწავლო, 40 პროცენტზე კი ახალი საცხოვრებელი ფართის განთავსება იგეგმება. როგორც ბატონი ხუბუა ამბობს, უნივერსიტეტს ექნება როგორც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ფართი, ასევე სტუდქალაქი. საუნივერსიტეტო ქალაქში გათვალისწინებულია სპორტული და კულტურული ინფრასტუქტურის განვითარება. დაგეგმილია რამდენიმე ღია და დახურული სტადიონის, ღია და დახურული საცურაო აუზის, ღია თეატრის, სტუდენტებისათვის კულტურული და გასართობი ადგილების, საუნივერსიტეტო სასტუმროს, ასევე, ბიზნეს ინკუბატორების და სხვადასხვა სახის ტექნობანკების მშენებლობა. გაშენდება სკვერები, ბარები, ახალი ბიბლიოთეკა.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად იღებს მონაწილეობას თბილისის მერია. მომავალი წლის ბიუჯეტში მათ უკვე გაითვალისწინეს მეტროსადგურის მშენებლობისთვის დამატებითი ხარჯები. ასევე, გათვალისწინებულია, მიმართულება შეეცვალოს გზას, რომელიც ახლა შუაზე ჰკვეთს მომავალ საუნივერსიტეტო ქალაქს. ბუნებრივია, სტუდქალაქის შიგნით იმოძრავებს ტრანსპორტი, მაგრამ ის მოემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, საუნივერსიტეტო ქალაქს.

საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების შემდეგ ვაკეში დარჩება მხოლოდ პირველი და მეორე კორპუსი, რადგან გია ხუბუას თქმით, `მხოლოდ ეს ორი კორპუსია არსებითად უნივერსიტეტის ისტორია, დანარჩენი არც ერთი კორპუსი არ არის აშენებული სასწავლო მიზნით და მომავალში არც დაგვჭირდება ჭავჭავაძის პროსპექტზე სხვა სასწავლო კორპუსების გამოყენება. ამიტომ ვგეგმავთ, რომ პირველი და მეორე კორპუსის გარდა, სხვა კორპუსები იქნეს პრივატიზებული, ხოლო იქიდან შემოსული თანხა ჩაირიცხოს უნივერსიტეტის განვითარების ფონდში, ე.წ. ენდაუმენთში, რომელიც საშუალებას მისცემს უნივერისტეტს ეს თანხა გამოიყენოს როგორც სასწავლო მიზნით, ასევე სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლად. ეს ფონდი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უნივერსიტეტს მომავალში საერთოდ მოეხსნება ფინანსური პრობლემა.~

როგორც ცნობილია, პირველ და მეორე კორპუსში დარჩება ჰუმანიტარული და იურიდიული ფაკულტეტები, ასევე ცენტრალური და საფაკულტეტო ადმინისტრაცია. სავარაუდოდ, მომავალ წელს სარემონტო სამუშაოები დაიწყება მეორე კორპუსში. რეკონსტრუქცია შეეხება უნივერსიტეტის ეზოსაც. დღევანდელი გარაჟების და დამხმარე ნაგებობების ადგილას აშენდება ამფითეატრი, სადაც სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ დიპლომები.

Friday, January 16, 2009

ზამთრის არდადეგები


სათხილამურო სეზონი კარგა ხანია გახსნილად გამოცხადდა და ბევრმა თბილისელმაც ზამთრის კურორტებისკენ აიღო გეზი. ტურისტული სააგენტოები და სასტუმროები მრავალფეროვან მომსახურებას თავაზობენ როგორც ხელმოკლე დამსვენებლებს, ისე იმ კონტინგეტსაც, ვისაც ჯიბეში ზედმეტი ფული უჩხრიალებთ. იმის გასარკვევად თუ რა არჩევანი არსებობს და რა ფასად, წაიკითხეთ ქეთი წურწუმიას ზამთრის არდადეგების მოგება-ზარალის უწყისი.

მათ, ვისაც დასვენების დამოუკიდებლად დაგეგმვა ეძნელებად, გიდობას ტურისტული სააგენტოები უწევენ. 21 წლის ავთო ბერუაშვილი ხშირად სააგენტოებს მიმართავს. “ტურისტულ კომპანიების დახმარებით ხშირად ვსარგებლობ და კმაყოფილი ვარ,” ამბობს ავთო. “ნორმალურ სასტუმროში კარგი მომსახურება და ხელმისაწვდომი ფასებიც არის.”

უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოების სერვისი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. დამოკიდებულია კონკრეტულ პაკეტურ მომსახურებაზე.

ბაკურიანში წასვლის მსურველებს ტურისტული სააგენტო ,,Georgia Touri"-ი 360 ლარად 10-დღიან დასვენებას სთავაზობს საოჯახო სასტუმროში სამჯერადი კვებით. იმ შემთხვევაში, თუ მოწადინებული ხართ კომფორტული პირობების ხათრით ღამეში 250 ლარი გადაიხადოთ, თქვენს განკარგულებაშია სასტუმრო ,,თბილისი”.

გუდაურში საოჯახო სასტუმროში ერთი ღამით დარჩენის საშუალო საფასური 40 ევროა. ტურისტული სააგენტო ,,Sky Georgia" ბაკურიანში 3-დღიან დასვენებას 4-ვარსკვლავიან სასტუმროში 600 ლარად, ხოლო 3-ვასრკვლავიან სასტუმროში 300 ლარად გთავაზობთ. ტურისტული სააგენტოს შუამავლობის გარეშე გუდაურში 4-ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება 1000 ლარი, ხოლო 3 ვარსკვლავიანში – 500 ლარი დაგიჯდებათ.

,,ინტურისტი საქართველო" მომხმარებელს ბაკურიანში დასვენებას 60, ხოლო გუდაურში 100 ლარიდან სთავაზობს. არსებობს სიახლე პატარა დამსვენებლებისთვის. ეწყობა სპორტტურები 6-დან 16 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის საფასურიც 600 ლარია. “მომხმარებელს ვთავაზობთ კომფორტულ დასვენებას და მაღალი დონის მომსახურებას, ფასს განსაზღვრავს დამსვნებლის მიერ არჩეული პერიოდი, სასტუმროს სახეობა. ერთი სიტყვით ის პაკეტი, რომელსაც ირჩევს მომხმარებელი,” – აღნიშნა "N Tour"-ის ტუროპერატორმა.

`მოგზაურთა კლუბი~ ბაკურიანსა და გუდაურში საოჯახო სასტუმროებში ერთი ღამის გატარებას 50 დოლარად გთავაზობთ, "Geo Atlas Tour"-ის მომსახურებით სარგებლობას თუ გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, ერთი ღამის საფასური 30 ლარიდან იწყება.

თუ ტურისტული სააგენტოების მიერ შემოთავაზებული ფასები გეძვირათ და თვლით, რომ მათთვის გადახდილი თანხა ზედმეტი ხარჯია, ბაკურიანსა და გუდაურში ერთი ღამით ბინის დაქირავება 30-40 ლარი დაგიჯდებათ.

19 წლის ხატია გელოვანი ამბობს რომ ტურისტული სააგენტოების გარეშეც მშვენივრად ახერხებს დასვენებას. “ბინას ვქირაობ, მართალია, საკუთარ თავს თავად ვემსახურები, მაგრამ შედარებით ნაკლები თანხის გადახდა მიწევს,” – ამბობს ხატია.


Monday, January 12, 2009

მსოფლიო საახალწლო ტრადიციები

თბილისი, 13 იანვარი 2009

31 დეკემბრის (ან 13 იანვრის) ღამეს მსოფლიოს ყველა კუთხეში ადამიანები - განსხვავებული ტრადიციებით, ცრუწრმენებით, ზოგჯერ სასაცილო და უცნაური რიტუალებით, გულმოდგინედ ცდილობენ ყველაფერი ცუდი ძველ წელს გაატანონ, ახალი ცხოვრება დაიწყონ და წლის ასტროლოგიური არსების კეთილგანწყობაც დაიმსახურონ. მსოფლიოს საახალწლო ადათ-წესების ძიებაში გართული ქეთი ჩოხელის რესპონდენტებისთვის კი, აღმოჩნდა, რომ ახალი წლის ტრადიციები, ძირითადად, ოჯახის წევრებს უკავშირდება. მოუსმინე აუდიოს ქვემოთ


ცნობილი უცნობი ახალგორი

რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ახალგორის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ტოპონიმი გახდა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილ ახალგორელებს არასოდეს უნატრიათ პოპულარობის მიღწევა ასეთ ფასად და ერჩივნათ ეს პატარა მხარე თავისი ისტორიული მემკვიდრეობითა და ბუნებით გამხდარიყო ცნობილი. ხატია ბაშარულის სიუჯეტი ახალგორის წარსულის, აწმყოს და გაურკვეველი მომავლის შესახებ.
მოუსმინე აუდიოს ქვემოთ:

Akhalgori